პაპილომასთან მებრძოლი ვუნდერკინდის თავგადასავალი
ამბავი იმაზე, თუ როგორ მაქცია რუსულმა საიტმა პაპილომასთან მებრძოლ ყალბ ,,ვუნდერკინდად "

შემთხვევით ნაპოვნი სტატია
წარმოიდგინეთ, რომ სოცილურ ქსელში, სიახლეების სქროლვისას, მოულოდნელად აღმოაჩინეთ სტატია თქვენი ფოტოთი, სადაც წერია რომ "ვუნდერკინდი" ხართ. რუსულ მედიაში განთავსებული სწორედ ესეთი სტატია გამომიგზავნა მეგობარმა ერთ დღეს. ჩემი ფოტოს ქვემოთ ეწერა, რომ ვიყავი ლევან გურაშვილი - სტუდენტი, რომელმაც პაპილომასთან საბრძოლველი მედიკამენტი გამოიგონა.

უნაური გამოცდილებაა, როცა მსგავს ამბავს თქვენს შესაცებ გამოგონილ ამბავს გადააწყდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს იმ ტორლების ხელწერაა, რომლებიც სხვის მოპარულ იდენტობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.
ვინ არიან ,,ვუნდერკინდი" ლევან გურაშვილი, მარიამ კოხრეიძე და რა კავშირი აქვს ტვ ,,მაესტროს" ჟურნალისტს პაპილომას ვირუსთან?
სტატიაში გამოქვეყნებულ მთავარ ფოტოზე ასახული ადამიანი, რომელიც წესით ლევან გურაშვილი უნდა იყოს, ვარ მე, გიორგი ორკოდაშვილი, ,,მითების დეტექტორის" ლაბორატორიის კუსრდამთავრებული. სტატიაში გამოქვეყნებული ფოტო, გადაღებულია 2018 წლის 12 მაისს, სკოლის დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებრასკის ქალაქ ფრიმონტში.
pressa-segodnya.online - ზე გამოქვეყნებული სტატია ორი ნაწილისგან შედგება:
პირველი ნაწილი ლევან გურაშვილის ინტერვიუს ეთმობა, სადაც „ახალგაზრდა მეცნიერი" საკუთარი მიღწევების შესახებ საუბრობს, თუმცა არაფერია ნახსენები იმ მედიკამენტის დასახელებაზე, რომელიც მან შექმნა.

სტატიის მეორე ნაწილში მთავარ გმირად „ცნობილი ქართველი პარაზიტოლოგი და მეცნიერებათა დოქტორი" მარიამ კოხრეიძე გვევლინება, რომელიც სტატიის მიხედვით, ლევანსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, შუამავალ პირს წარმოადგენს. კოხრეიძე ასახელებს მედიკამენტს ,,Detoxic", რომელიც სტატიის თანახმად, ლევან გურაშვილმა შექმნა.

მარიამ კოხრეიძის ფოტოს გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დამაჯერებლობის შესაქმნელად, ცრუ სტატიის ავტორებმა, მოსკოვში მოღვაწე მეან-გინეკოლოგის ზარემა მურთუზალიევა ფოტო გამოიყენეს. ზარემა მურთუზალიევას ექიმობას მოწმობს რამდენიმე წყარო, მათ შორის meds.ru, rdoctor.ru და med-otzyv.ru.
clickbait - ინტერნეტ მომხმარებლების მოზიდვის ხერხი
სტატია სავარაუდოდ clickbait საიტმა გაავრცელა, რომელიც სენსაციური სათაურით მკითხველის მიზიდვას და საიტზე ,,დაკლიკვით" თანხის გამომუშავებას ცდილობს. მასალაში გამოყენებული 3 ფოტო გაყალბებულია და სრულიად სხვა პიროვნების იდენტობას იპარავს: არც ,,ვუნდერკინდია" ლევან გურაშვილი, არც ტვ ,,მაესტროს" ჟურნალისტს აქვს შეხება პაპილომას ვირუსთან და არც ქართველი პარაზიტოლოგი მარიამ კოხრეიძეა ასახული სურათზე.
რა არის clickbait?


Clickbait ვებ-გვერდები სენსაციური, შეცდომაში შემყვანი სათაურებით და ვიზუალური ეფექტებით (ფოტო, ანიმაცია) მომხმარებლის ყურადღებას იქცევენ. რაც უფრო მეტია კლიკი, მით უფრო მატულობს ამა თუ იმ გვერდის აუდიტორია და შესაბამისად, გვერდის მიერ თანხის გამომუშავების ალბათობა. Pressa-segodnya.online - ვებ-საიტს, რომელზეც სტატია გამოქვეყნდა არ აქვს მთავარი გვერდი (homepage). მენიუში ნებისმიერი ღილაკის დაწკაპუნებას detoxic-pro-ს ვებ-გვერდზე გადავყავართ. გარდა იმისა, რომ ვებ-გვერდი clickbait-ს ჰგავს, მისი გამოყენება უსაფრთხოც არ არის და საშუალო რისკის შემცველ ვებ-გვერდებს მიეკუთვნება.
ტროლები კომენტარებში

სტატიის ქვემოთ ინტენრეტ-მომხმარებლები "გურაშვილის" მიერ "აღმოჩენილი" მედიკამეტის Detoxic-ის მიმართ კმაყოფილებას გამოხატავენ. მაგალითად, ერთ-ერთი მომხმარებელი, გურამ კავილაძე ამბობს:

"მივიღე დეტოქსიკი. მას ნამდვილად შესანიშნავი ეფექტი აქვს. თავს ახალგაზრდად და ჯანმრთელად ვგრძნობ. მედიკამენტის მიღების შემდეგ 8 თვე გავიდა, იმუნიტეტი შესამჩნევად გამიუმჯობესდა და მას შემდეგ არასდროს ვყოფილვარ ავად. ადრე ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ყველას გირჩევთ"
გურამ კავილაძე
გადამოწმების შედეგად, აღოჩნდა, რომ ოთხი მომხმარებელი რეალური ადამიანი არ არის და სხვა მომხმარებლების იდენტობას იპარავს. შესაბამისად, ეს პირები ტროლები არიან.

სტატიის მიზანი
სტატიის ბოლომდე წაკითხვისას, ცხადი ხდება, რომ სრული ტექსტი წარმოადგენს მედიკამენტ Detoxic-ის რეკლამას, რომლის გამოწერაც Detoxic.pro-ს ვებსაიტზეა შესაძლებელი. საიტის მიხედვით, პროდუქტის გამყიდველია შპს „სოლარისი", რომელიც მოსკოვში მდებარეობს. Zachestnyibiznes.ru-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, შპს „სოლარისი" 2013 წელს დარეგისტრირდა, ხოლო 2017 წელს გაუქმდა. სტატიაში ასევე მოცემულია ღილაკი, რომელიც პრეპარატის 50% ფასდაკლებით შეძენას გვთავაზობს. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ერთი შეხედვით უწყინარი წარმატების ისტორიის მიღმა, ყალბ ინფორმაციასთან ერთად, პროდუქტის გაყიდვის მიზანი იმალება.

იდენტური სტატიები სხვა გმირებით

რუნეტში ბევრი მსგავსი სტატია გვხვდება, მათ შორის, მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტზე, რომელიც ყაზახმა სტუდენტმა გამოიგონა, და დიაბეტის საწინააღმდეგო წამალზე, რომლის შემქმნელიც რუსი სტუდენტია.

აღნინული სტატიების სტრუქტურა და ვებ-საიტის დიზაინიც იდენტურია.
სტატია ყაზახ სტუდენტზე
საინტერესოა, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ზემოაღნიშნული სტატიების ქვეშ კომენტარებს ტოვებენ, იდენტური ფოტოები აქვთ, მაგრამ განსხვავებული სახელებით სარგებლობენ. მაგალითისთის, გთავაზობთ ერთ-ერთი ტროლის კომენტარს სამივე სტატიაზე:
კომენტარი ქართველ ბიჭზე გამოქვეყნებულ სტატიაზე
კომენტარი ყაზახ ბიჭზე გამოქვეყნებულ სტატიაზე
კომენტარი რუს ბიჭზე გამოქვეყნებულ სტატიაზე
აღნსანიშნავია ისიც, რომ გარდა "მარკეტინგული" მიზნებისა, იდენტობის მოპარვის პრაქტიკა პოლიტიკური მიზნებისთვისაც ხდება. ამის მაგალითი მითების დეტექტორის ლაბორატორიის კურსდამთავრებულის ალა მამარიანის გამოცდილებაა. ერთ-ერთმა ტროლმა ალას იდენტობა მოიპარა.
ნაშრომის ავტორი: გიორგი ორკოდაშვილი
მითების დეტექტორის ლაბორატორია
2019
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website